რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში, საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის აღსაკვეთად, კონტროლი გამკაცრდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ღონისძიებები ტარდება საიდუმლო რეჟიმის უზრუნველსაყოფად, რათა თავიდან იქნას აცილებული საიდუმლო ინფორმაციის გადინება.
რუსული სააგენტოების ინფორმაციით, პუტინის კაბინეტებში - კრემლსა და ნოვო-ოგარიოვოში - არ შეუშვებენ ჟურნალისტებს პერსონალური კომპიუტერებით.
„ტასის“ ინფორმაციით, დღეს ნოვო-ოგარიოვოში ჩასულ ჟურნალისტებს გამკაცრებული კონტროლის გავლამ მოუწიათ.
ამავე დროს, ჟურნალისტებს აეკრძალათ ცალკეულ ზონებში გადაადგილება მობილური ტელეფონებითა და პერსონალური კომპიუტერებით.
10 ნოემბერს რუსეთის პირველი არხისა და ენ-ტე -ვეს სიუჟეტებში გამოჩნდა კადრები, რომელზედაც ჩანდა რუსეთის თავდაცვის სამრეწველო კომპლექსის საიდუმლო მასალები, მათ შორის უახლესი ბირთვული ტორპედო.
სიუჟეტში საუბრი იყო, 9 ნოემბერს სოჭში, რუსეთის პრეზიდენტთან გამართულ თათბირზე - რუსეთის შეიარაღებული ძალების განვითარების შესახებ.
მომდევნო დღეს დიმიტრი პესკოვმა ინფორმაციის გაჟონვის ფაქტი დაადასტურა.
„ნამდვილად, რამოდენიმე საიდუმლო მონაცემი მოხვდა კამერის ობიექტივში, რაც შემდგომ ამოღებულ იქნა. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი რამ არ განმეორდება“, - განაცხადა პესკოვმა.
ბი-ბი-სის მიერ გამოკითხული ექსპერტები აცხადებენ, რომ ინფორმაცია ახალ იარაღთან დაკავშირებით შეგნებულად გავრცელდა, რათა დასავლეთისთვის რუსეთის სიძლიერე ეჩვენებინათ.