რუსეთის პრეზიდენტი თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარ ინციდენტს „ზურგში დარტყმად“ აფასებს. ვლადიმერ პუტინის ინფორმაციით, ,,სუ-24-ს ესროლეს, როცა ის თურქეთის საზღვრიდან 1 კილომეტრის მოშორებით იმყოფებოდა. მისი თქმით, ბომბდამშენი თურქეთის საზღვრიდან 4 კმ-ის მოშორებით ჩამოვარდა.
„ეს მოვლენა გადის ტერორიზმთან ბრძოლის საზღვრებს. რა თქმა უნდა, ჩვენი სამხედროები აწარმოებენ გმირულ ბრძოლას ტერორიზმთან და სიცოცხლესაც არ იშურებე, მაგრამ დღევანდელი დანაკარგი დაკავშირებულია დარტმასთან, რომელიც ზურგიდან მოგვაყენეს ტერორისტების თანამზრახველებმა. სხვა კვალიფიკაციას ვერ ვუკეთებ იმას, რაც მოხდა“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინმა ასევე დაამატა, რომ ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ აშშ-სთან ხელმოწერილი იყო შეთანხმება საჰაერო ინციდენტების გაფრთხილების შესახებ.
„ახლა კიდევ დარტმა ზურგიდან ჩვენს თვითმფრინავებზე, რომლებიც ებრძვიან ტერორიზმს - ეს მაშინ, როდესაც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას საჰაერო ინციდენტების გაფრთხილებასთან დაკავშირებით. და ეს მაშინ, როდესაც თურქეთი იბრძვის ამერიკული კოალიციის შემადგენლობაში“, - თქვა პუტინმა.
პუტინმა, ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს ყოველთვის მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა თურქეთთან.
„ყველაფერს გავაანალიზებთ, რაც მოხდა და ტრაგედიას ექნება სერიოზული შედეგები, მათ შორის რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებისთვის. არ ვიცი, ვის რაში სჭირდებოდა დღევანდელი შემთხვევა, მაგრამ ნებისემერ შემთხვევაში ჩვენ არა“, - განაცხადა პუტინმა.
თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების გამო ნატომ საგანგებო სხდომა მოიწვია. სხდომა ბრიუსელში, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაინიშნა.