19 ნოემბერს ისრაელში ორი ტერაქტის დროს 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. პირველი თავდასხმა ისრაელის დროით, დღის 2 საათზე დაფიქსირდა, რომლის დროსაც პალესტინელმა ტერორისტმა 32 და 50 წლის მამაკაცები დანით დაჭრა. კიდევ ერთ მოქალაქეს დაზიანებები აქვს მიღებული.
შემთხვევა თელ ავივის "პანორამას" შენობაში იმპროვიზებულ სინაგოგაში შუადღის ლოცვის დროს მოხდა. მსხვერპლთაგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე – საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. დასავლეთ სანაპიროში მცხოვრებმა პალესტინელმა ტერორისტმა პოლიციელებს განუცხადა, რომ თელ ავივში ებრაელების დასახოცად იყო ჩასული.
მეორე თავდასხმა რამდენიმე საათით გვიან, ისრაელის დროით 16:45–ზე მოხდა. ამჯერად პალესტინელმა ტერორისტმა გუშ ეციონში (დასავლეთ სანაპირო, სამხრეთ იერუსალიმი) საცობში მდგარი მანქანების მიმართულებით გახსნა ცეცხლი. თვითმხილველების თქმით, ტერორისტმა შემხვედრ მანქანას დააჯახა ავტომობილი, შემდეგ კი ყველა მიმართულებით დაიწყო სროლა.
შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის იყვნენ აშშ–ის 18 წლის მოქალაქე, ერთი ისრაელელი და ერთი პალესტინელი.