პარიზის გარეუბან სენ-დენში ჩატარებული სპეცოპერაციის თვითმხილველები შემთხვევის ადგილზე გადაღებული კადრების გაყიდვას ცდილობენ. ამის შესახებ გამოცემა L'Express იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სამოყვარულო კამერებითა და ტელეფონებით გადაღებულ თითოეულ მასალაში ისინი 100-დან 300 ევრომდე ითხოვენ. სენ-დენში ტერაქტებში ეჭვმიტანილთა დასაკავებლად ოპერაცია დღეს დილით დაიწყო. სამართალდამცავებმა ალყაში რამდენიმე ტერორისტი მოიქციეს, რომელთა შორისაც სავარაუდოდ 13 ნოემბრის ტერაქტების მთავარი ფიგურანტი, 27 წლის აბდელჰამიდ აბაუდი იმყოფებოდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულია 5 ტერორისტი, ერთ-ერთმა მათგანმა, შაჰიდმა ქალმა კი სავარაუდოდ თავი აიფეთქა. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა დაკავებულთა შორის აბაუდი.