"ზვიად ძიძიგურს, როგორც პოლიტიკოსს თბილისში არანაირი რეიტინგი არ გააჩნია",- ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტოლოგმა კახა გოგოლაშვილმა, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, ძიძიგური, როგორც მერობის კანდიდატი შესაბამისი სიის პირველ ხუთეულშიც ვერ მოხვდა.
"არანაირად არ გამკვირვებია ის, რომ ძიძიგური ბოლო რიგებში აღმოჩნდა. ვფიქრობ, მას, როგორც პოლიტიკოსს, თბილისში არანაირი რეიტინგი არ გააჩნია. ეს თუნდაც იმითაა განპირობებული, რომ მისი პროგრამა ძირითადად ქვეყნის ხელისუფლების კრიტიკაზეა აგებული, მისთვის რადიკალური ფორმებით გამოსვლებია დამახასიათებელი და მის კამპანიაში არ ჩანს, რას აპირებს მერად გახდომის შემთხვევაში კონკრეტულად თბილისისთვის",- განუმარტა პოლიტოლოგმა "ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 57 % თბილისის მერად მმართველი გუნდის კანდიდატის - გიგი უგულავას გახდომას უჭერს მხარს. მეორე ადგილზეა 7 %-ით "ალიანსის" მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია, მესამეზე "მრეწველების" ლიდერი გოგი თოფაძე, შემდეგი პოზიცია კი "ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატ გია ჭანტურიას უჭირავს. "ეროვნული საბჭოს" მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური პირველ ხუთეულში საერთოდ ვერ მოხვდა.