ადამიანის უფლებათა ცენტრი სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართავს, აღმოფხვრას ხარვეზები იმ მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურებაში, რომლებსაც 2006-2012 წლებში, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად ან საპატიმროებში არსებულ არასათანადო პირობებში ჯანმრთელობა დაუზიანდათ.
ორგანიზაციის ცნობით, მათ წარმოებაში არის საქმეები, სადაც ბენეფიციარები უჩივიან უყურადღებობას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხრიდან ისეთი ტიპის ჯანმრთელობის დაზიანების თაობაზე, რაც უკავშირდება ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შედეგებს, როდესაც წამება და არაადამიანური მოპყრობა პენიტენციურ დაწესებულებებში სისტემურ დანაშაულს წარმოადგენდა და ამავე დროს, პატიმრები არასათანადო პირობებში იმყოფებოდნენ.
"არის შემთხვევები, როცა სასჯელაღსრულების სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტი არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის მდგომარეობას და გაურბის ვალდებულებას, უზრუნველყოს მსხვერპლი მსჯავრდებულების სამედიცინო და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია. მსგავსი შემთხვევებისას ადამიანის უფლებათა ცენტრი იძულებულია, მიმართოს სასამართლოს და სასამართლოს გზით დაავალდებულოს სასჯელაღსრულების სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტი, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება მსჯავრდებულის მოთხოვნაზე. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო სად-ის #12 დაწესებულების მსჯავრდებულის, მ.ტ-ს საქმე. ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, მ.ტ.-მ სასჯელაღარულებისა და პრობაციის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა სარჩელი. მსჯავრდებულის სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი თამარ ავალიანი წარმოადგენდა. მ.ტ-ს სასარჩელო მოთხოვნა გახლდათ სათანადო მკურნალობა და ჯანდაცვის უფლების დარღვევიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება. მსჯავრდებული მ.ტ სასჯელს იხდის 2007 წლიდან. მას ჯანმრთელობა შეერყა სასჯელის მოხდის პერიოდში არასათანადო პირობებისა და მკურნალობის შედეგად. მსჯავრდებულისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის არაერთი მიმართვის მიუხედავად, მ.ტ-ს მკურნალობა სათანადოდ არ ხორციელდებოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ", - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულ მ.ტ-ის სათანადო მკურნალობა დაევალა. ამასთან, სამინისტროს მსჯავრდებულის მიმართ, ზიანის ანაზღაურების სახით, 7000 ლარის გადახდაც დაეკისრა.