პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, საკანონმდებლო ორგანოს სარჩელის გასაცნობად სამი-ოთხი დღე მისცეს.
ჟურნალისტებთან საუბარში უსუფაშვილმა ყურადღება „რუსთავი 2“-ის სარჩელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში გაგზავნილ შუამდგომლობაზე გაამახვილა, სადაც პარლამენტი სარჩელიდან საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარის, კონსტანტინე ვარძელაშვილისა და კოლეგიის წევრის, მაია კოპალეიშვილის აცილებას ითხოვს.
უსუფაშვილის თქმით, თუკი საკითხთან დაკავშირებით, მეორე მხარეს, რაიმე პოზიციები ექნება, რომ ამ მოსამართლეებს თუ სხვა მოსამართლეებს, შესაძლოა, მათი ობიექტურობის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოებები ჰქონდეთ, ეს სასამართლოში უნდა გაირკვეს.
„დედა ნამდვილად დედაა, ცოლი ნამდვილად ცოლია, თანამშრომელი ნამდვილად თანამშრომელია - მე ამას ვადასტურებ. ამასობაში, თუ თქვენ დამატებით საფუძვლებს მიუთითებთ, რომ მოსამართლეებს შეიძლება კიდევ სხვა პრობლემები ჰქონდეთ და მათი მიუკერძოებლობა ეჭქვეშ იდგეს, ორმაგი საფუძველი ყოფილა იმისა, რომ ეს საქმე სხვამ განიხილოს. სხვათაშორის, ამ საკითხს თავად მოსამართლეები წყვეტენ. ეს ის თემა არ არის, როცა ვინმე ვინმეს ნაცვლად გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აცხადებს უსუფაშვილი.
სპიკერის განმარტებით, შუამდგომლობაში საკმაოდ დეტალურად იქნა ჩამოყალიბებული, რომ ამ შემთხვევაში, პარლამენტი არის მხარე სასამართლო პროცესში.
„ამიტომ პოზიცია ამა თუ იმ მოსამართლის მიკერძოება-მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს აღქმული როგორც პარლამენტის პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით. ჩვენ მოპასუხე ვართ და შუამდგომლობაში მითითებულია ძალიან კონკრეტული გარემოებები - როგორ მოხდა საკითხის განხილვა, როგორ იყო ინფორმაცია ხელმიუწვდომელი ამ სარჩელთან დაკავშირებით, რა თანმიმდევრობით ხდებოდა საკითხების გარკვევა და ა. შ. ამიტომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ყველას ვთხოვ, მოსამართლეებს, საზოგადოებას, საკითხს შევხედოთ ისე, როგორც არის – დაისვა საკითხი, მას განიხილავენ თავად მოსამართლეები და თუ იგრძნობენ, რომ ამ გარემოების გამო მათ აქვთ გარკვეული უხერხულობა თუ დისკომფორტი, საქმეს აიცილებენ, თუ ამას არ იგრძნობენ, მაშინ იტყვიან, რომ ეს ასე არ არის“, - აცხადებს სპიკერი.
უსუფაშვილი ამბობს, რომ ის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ პატივისცემას ადასტურებს, მაგარამ როცა პარლამენტი მხარეა, იქ მან თავისი პოზიცია უნდა ამტკიცოს, თავი ინტერესები დაიცვას, მათ შორის, პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით.
„ხვალ დილისათვის ახალი სხდომა ჩაინიშნა, რომლის თაობაზეც შეტყობინება გუშინ მოვიდა. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს ვთხოვეთ, რომ ორი-სამი დღე მოგვცენ, რომ წავიკითხით სარჩელში რა წერია, რადგან ახლა სხვა მუხლების შეჩერებაზეა საუბარი. მუხლების შეჩერება კერძო საქმე არ არის, აქ ლაპარაკია კანონზე, რომელიც როგორც ერთ სუბიექტს ეხება, ასევე სხვასაც. ვისურვებდი, რომ სამი-ოთხი დღე ჰქონდეს პარლამენტს, რადგან სხვა თუ არაფერი თბილისიდან ბათუმამდე წასვლა საჭირო“, - დასძინა უსუფაშვილმა.