საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კანადის პოლიციის მიერ რამდენიმე თვის წინ დაკარგული ქართველი გოგონას - მარიამ მახნიაშვილის მამის ვახტანგ მახნიაშვილი დაკავების ფაქტს არ ადასტურებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით ჩვენს საელჩოს ამერიკაში, სადაც აღნიშნული ფაქტი არ დაგვიდასტურეს", - აცხადებს კალანდაძე.
შეგახსენებთ, რომ კანადური ტელეკომპანია "ჩთV" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანადის პოლიციამ რამდენიმე თვის წინ დაკარგული ქართველი გოგონას - მარიამ მახნიაშვილის მამა ვახტანგ მახნიაშვილი დააკავა. სამართალდამცველების განმარტებით, მახნიაშვილი თავს საკუთარ მეზობელს დაესხა. გავრცელებული ცნობით, მისი დაკავება დაჭრილის სტუმრებმა მოახერხეს. დაშავებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. ის ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაკავებულ ვახტანგ მახნიაშვილს ბრალს რამდენიმე მუხლით წაუყენებენ. აღსანიშნავია, რომ გამოძიება იმ ვერსიაზეც მუშაობს, თუ რამდენად არის დაკავშირებული ვახტანგ მახნიაშვილის ქმედება მისი შვილის მარიამ მახნიაშვილის გაუჩინარებასთან, რომელიც "ფორესთ ჰილიდან" სექტემბერში გაუჩინარდა. გოგონას დაკარგვის შესახებ პოლიციამ ინფორმაციის მოპოვება ამ დრომდე ვერ მოახერხა.