ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში მომხდარ ინციდენტზე კომენტარეს აკეთებს სახელისუფლებო გუნდი. უმრავლესობის წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი გმობს თავისუფალ აზრზე თავდასხმას და მომხდარ ფაქტს "კრიმინალს" უწოდებს.
"როდესაც ადგილი აქვს ძალადობას მედიასთან მიმართებაში იგივე განსხვავებულ აზრთან დაკავშირებით და რაც მთავარია მართლმადიდებლობის სახელით, ეს რა თქმა უნდა იქნება დასჯადი და ამაზე ყოველთვის იქნება რეაგირება, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით სამარცხვინოა იმ პოლიტიკოსების საქციელი, რომლებიც გუშინ ცდილობდნენ, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოეყენებინათ", _ აცხადებს კუბლაშვილი და აღნიშნავს, რომ "ქალბატონ ხიდაშელს არ დაზარებია იმის თქმა, რომ თურმე ხელისუფლება უწყობს ამას ხელს და ახალისებს".
"ამას ყველაფერს შეიძლება ახალისებდნენ ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც თავის დროზე კლიპებს ამზადებდნენ თავიანთი საარჩევნო კამპანიისათვის, სადაც იყო თუ როგორ იჭერდნენ მოძალადე ბასილ მკალავიშვილს და ეს ყველაფერი იყო გასაღებული, როგორც ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა", _ აცხადებს კუბლაშვლი.
მისივე თქმით, ასეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქმედებებმა წაახალისა ის ხალხი ვინც დღეს კვლავ მართლმადიდებლობის სახელით ბედავს და ძალადობას იყენებს სხვა და სხვა პირების მიმართ.
"ამიტომ ჩვენის მხრიდან იქნება რეაგირება ყოველთვის ამ საკითხთან მიმართებაში და ყველა ის ადამიანი, რომელიც ფიზიკურ ძალადობას იყენებდა იქ მისული მოქალაქეების მიმართ იქნება სათანადოდ დასჯილი", _ აცხადებს პავლე კუბლაშვილი.