2016 წლის მარტში ზამთრის (ყინულჭრილში) ცურვაში მე–10 მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია რუსეთის ქალაქი ტიუმენი. ცნობილმა მოცურავემ ჰენრი კუპრაშვილმა, რომელმაც ქართველებისთვის სპორტის ამ უჩვეულო სახეობაში საქართველო პირველად წარადგინა წინა, ჯერ კიდევ ფინეთში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ამჯერადაც წესისამებრ გაიარა რეგისტრაცია, მაგრამ სპორტსმენის სავიზო ფორმალობაზე, რომ მიდგა საქმე რუსეთის საორგანიზაციო კომიტეტიდან აცნობეს, რომ რაკი თქვენ საქართველოს მოქალაქე ხართ, არ ექვემდებარებით ყველასთვის მიღებულ წესს, მსოფლიო ჩემპიონატში თქვენი მონაწილება ადვილად ვერ მოგვარდებაო, საჭიროა განსაკუთრებული მოწვევა ან რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ან ახლო ნათესავიდანო, ჩვენ შევეცდებით დაგეხმაროთო.
ჰენრი კუპრაშვილი: „ჯერ ისედაც ძნელია გაემგზავრო სახელმწიფოში, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩემი ქვეყნის ტერიტორიის 20% და ახლა გამოდის იქით უნდა ვეხვეწო? ველოდო თვეობით თუ როდის და როგორ გადამიწყვიტავენ პოლიტიკურად მოტივირებული რუსი ჩინოვნიკები საკითხს. სამწუხაროა, რომ რუსი პოლიტიკოსები ვერ მიჯნავენ სპორტსა და პოლიტიკას, ეს ხომ მსოფლიო ჩემპიონატის, და საერთოდ სპორტის იდეალების შეურაცხყოფაა. რატომ უნდა ტარდებოდეს ისეთ სახელმწიფოში მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც საქმე გვაქვს სპორტსმნების მიმართ გამოვლენილ აშკარა დისკრიმინაციასთან?
სხვათა შორის, 2014 წელს ფინეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამმა ქართველმა, ლიტვაში მოღვაწე სპორტსმენმა ფრიდონ ფიფიამ, ცნობილმა ჟურნალისტმა თენგიზ პაჭკორიამ და მე სიკვდილს გადავარჩინეთ მურმანსკელი რუსი სპორტსმენი ელენა ფურსოვა (http://gazeta-zap-ruda.ru/article/49176/ ამის შესახებ რუსეთის პრესაც წერდა. მაშინ, ლაპარაკი იყო ჩემი ქალაქ მურმანსკის საპატიო მოქალაქედ არჩევაზეც კი). იმ კრიტიკულ მომენტში, როდესაც ადამიანს შველა ჭირდებოდა, მე ეროვნებასა და პოლიტიკაზე არ მიფიქრია. აღსანიშნავია, რომ მეორე დღეს იმ სპორტსმენმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოუტანა რუსეთის ნაკრებს.
ქართველი, რომ ვარ ამიტომ უნდა შემექმნას მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის პრობლემა? როგორც სპორტსმენს არ უნდა მჭირდებოდეს რუსეთში ახლო ნათესავების (?!) ძებნა და განსაკუთრებული წერილები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ეს ხომ მსოფლიო ჩემპიონატია და არა რუსეთის შიდა პირველობა?
ამიტომ გადავწყვიტე საერთოდ უარი ვთქვა რუსეთში ჩატარებულ მე–10 მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე. სპორტსმენისთვის მტკივნეულია ასეთი ნაბიჯის გადადგმა. მსოფლიო პირველობისთვის მზადება განსაკუთრებულ რეჟიმსა და მომზადებას მოითხოვს, ამით კი ყველაფერი წყალში გეყრება. ამასთან, ძალზე სამწუხაროა, რომ შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატამდე 4 წლიანი პაუზა გამომივა. ზამთრის ცურვის ჩემპიონატები 2 წელიწადში ერთხელ ტარდება და შემდეგი 2018 წელ უწევს, ასე რომ 2014 წლიდან 2018 წლამდე ძალიან გრძელი პაუზა გამომივა, ჩემ ასაკში ნამდვილად არ არის სახარბიელო.
ამასთან, ერთგვარი „დაღალატება“ გამომდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა (ა. ფრანგიშვილი) და მაგთიკომის (გ. ჯოხთაბერიძე), რომლებიც მზად იყვნენ დაეფარათ ასპარეზობაზე ჩემი მონაწილების ხარჯები, ასევე სპორტკომპლექს „არენასი“ (ზ. მემარნიშვილი), რომელმაც როგორც წინა ჩემპიონატზე, ამჯერადაც ყველა პირობა შემიქმნა ვარჯიშისთვის. მე მათი უზომოდ მადლიერი ვარ, იმედია გაგებით შეხვდებიან ჩემს ამ გადაწყვეტილებას, ვპირდები, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატებზე გავამართლებ მათ იმედებს.“
როგორც ცნობილია წინა მე–9 მსოფლიო ჩემპიონატზე ფინეთში ჰენრი კუპრაშვილმა მე–8 ადგილი დაიკავა 50–იან დისტანციაზე, ეს არ იყო ურიგო შედეგი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაშინ საქართველოსთვის ამ უჩვეულო და ექსტრემალური ცურვის ისტორიაში ჩვენი ქვეყანა პირველად წარდგა მსოფლიო ასპარეზობაზე.
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის ჰენრი კუპრაშვილის სახელი უჩვეულო ამპლუაში პლანეტაზე ცნობილი გახდა, მას შემდეგ, რაც 2002 წლის 30 აგვისტოს მსოფლიოში პირველმა „მხედრული კოლხურით“ (ოთხგან ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში ცურვის ქართული სამხედრო-საწვრთნელი სტილი) გადაცურა დარდანელის სრუტე ევროპიდან აზიაში (12 კმ.), რისთვისაც ტელეკომპანია სი–ენ–ენ–მა მას „ადამიანი დელფინი“ უწოდა, მსოფლიო მასმედიაში კი აღნიშნა, რომ მან დაამკვიდრა მსოფლიოში სრუტეთა გადაცურვის სრულიად ახალი წესი.
(2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფოტორეპორტაჟი https://www.facebook.com/henry.kuprashvili/media_set?set=a.10152446614301509.1073741838.779711508&type=3¬if_t=like )