საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ავარიული შენობების მასშტაბური რეაბილიტაცია გრძელდება.
21 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა და სტუდენტებთან ერთად შენობის სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ამ დროისათვის მიმდინარეობს უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სარეაბილიტაციო სარემონტო სამუშაოები, ასევე იწყება სამუშაოები ელექტრო-სამონტაჟო სისტემის, გათბობა-კონდიცირებისა და შიდა წყალგაყვანილობა-კანალიზაციის სისტემების მოსაწესრიგებლად. სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებს შპს ‘’ხურო’’ ახორციელებს. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის სრული რეაბილიტაცია 2016 წლის მაისის პირველი რიცხვებისთვის დასრულდება.
თეატრალური უნივერსიტეტის რეაბილიტაციასთან ერთად, აქტიურ ფაზაშია შესული სამხატვრო აკადემიის შენობების რეაბილიტაციის პროცესიც.
ამ ეტაპზე ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სხვა დაწესებულების ავარიული შენობების რეაბილიტაციაც.