21 ოქტომბერს, 19.00 საათზე თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან თანამშრომლობით, კონსერვატორიის დიდი დარბაზში იტალიური საოპერო მუსიკის საღამო ჩატარდება.
სცენაზე წარსდგებიან კონსერვატორიის საოპერო სტუდიის ორკესტრი, გოგი ჭიჭინაძის დირიჟორობით, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტები, და კონსერვატორიის სტუდენტები. სარამოზე დასწრება უფასოა.
იტალიური საოპერო მუსიკის საღამოზე , ვერდისა და პუჩინის, როსინის, დონიცეტისა და ჩილეას საყოველთაოდ ცნობილი საოპერო არიები შესრულდება.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ საქართველოში იტალიის საელჩოდან აცნობეს, ეს კონცერტი იტალიური ენის მეთხუთმეტე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში იმართება და იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება.
წლევანდელი კვირეულის სახელწოდებაა „იტალიური ენა მუსიკაში და იტალიური ენის მუსიკალურობა“. იტალიური ენა, არა მხოლოდ უაღრესად მუსიკალური ენაა, არამედ მეოთხეა მსოფლიოში შემსწავლელთა რაოდენობით, რაც გარკვეულწილად სწორედ იტალიური საოპერო მუსიკის პოპულარობითაა განპირობებული.