დღეს, 20 ოქტომბერს, 18:00 საათზე, კულტურის სამინისტროში, მინისტრი მიხეილ გიორგაძე არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მსოფლიო ასოციაცია „WATCH“-ის გენერალურ მდივანს კლაუდიო ჩიმინოს უმასპინძლებს. შეხვედრაზე ისაუბრებენ „WATCH“-სა და საქართველოს შორის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშომლობის საკითხებსა და მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების რისკის მართვის გეგმის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და საერთაშორისო ასოციაცია „WATCH“-ის მხარდაჭერით, 19-20 ოქტომბერს, კულტურის სამინისტროში იმართება თემატური სამუშაო შეხვედრები - მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების რისკის მართვის გეგმის შესამუშავებლად.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები -გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, მცხეთის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, „ლურჯი ფარის“ ეროვნული კომიტეტი, კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი, საქართველოს საპატრიარქო და ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი.
სამუშაო შეხვედრების მთავარი თემაა ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფის დროს, მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალისათვის რისკების მზადყოფნის გეგმისა და სასწრაფო რეაგირების ინსტრუქციების შემუშავება.