თეატრალური პრემია „დურუჯის“ კულმინაცია მოახლოვდა – 2015 წლის ლაურეატების ვინაობა „თბილისი ივენთ ჰოლში“ გამოვლინდება. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია შაბათს, 24 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება. საქველმოქმედო ფონდ `ცისკრის~ მიერ დაწესებული პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემია „დურუჯი“ უკვე მეშვიდედ გაიცემა. წელს საბუთების წარდგენის ვადა 08 მაისს ამოიწურა. სულ შემოტანილ იქნა 38 განაცხადი. 5 წევრისგან შემდგარი ჟიური ნომინირებულ სპექტაკლებს 2 თვის განმავლობაში აფასებდა. საბოლოო ფარული კენჭისყრა პრემიის ლაურეატების გამოსავლენად ჟიურის წევრებს შორის დაჯილდოების დღეს, ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარდება. გამარჯვებულების ვინაობა სადღესასწაულო ცერემონიაზე გაცხადდება. „დურუჯი 2015“ გაიცემა შემდეგი ნომინაციებისთვის: • საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – პრემიის ოდენობა შეადგენს 14 000 ლარს; • საუკეთესო მსახიობი ქალი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს; • საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს; • საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს; • საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი – გადაეცემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი 10 000 ლარის ოდენობით მომავალ, 2015- 2016 წლების სეზონზე სპექტაკლის დასადგმელად. „სასიხარულოა, რომ „დურუჯი“ კვლავაც ინარჩუნებს თეატრალურ სფეროში დაწესებული ყველაზე პრესტიჟული კერძო პრემიის სახელს. ეს ჯილდო გახდა ერთგვარი „ხარისხის ნიშანი“, რომლის მიღებაც მეტად საამაყოა ხელოვანთათვის. „დურუჯი“ დაფასებაა, აღიარება იმ შრომის და ენერგიისა, რომელიც არტისტების მიერ სეზონის განმავლობაში განხორციელებული თითოეული ნამუშევრის შექმნაში იყო ჩაქსოვილი“, - აცხადებს პრემიის დამფუძნებელი, კომპანია `რედიქსის~ გენერალური დირექტორი ბატონი ლაშა პაპაშვილი.