პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტრის, რობერტ მიულერის თბილისში ვიზიტის მიზნებთან დაკავშირებით "მხოლოდ მკითხაობა შეიძლება".
"ამ თემაზე შეიძლება მხოლოდ მკითხაობა, რადგან ეს არ გახლავთ გასტროლებზე მოპატიჟებული ხელოვანი, რომლის კონცერტის პროგრამაც ჯერ არსადაა ცნობილი. ფაქტია, რომ ვიზიტი საქმიანია და საკმაოდ მნიშვნელოვანი. ჩავთვალოთ და დავიმშვიდოთ თავი იმით, რომ ეს იყო სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში გამართული შეხვედრები",- განუცხადა ცისკარიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისი შეფასებით, ვაშინგტონელმა მაღალჩინოსანმა შეხვედრის ადრესატები ზუსტად შეარჩია, რადგან დღევანდელი ქართული პოლიტიკის რეალური შემოქმედნი სწორედ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან.
"ერთი რამ ნამდვილად სასიამოვნოა, რომ ადრესატები ზუსტად შეურჩევია ბატონ ამერიკელ სტუმარს, რადგან სწორედ ეს ორი მამაკაცი გახლავთ დღევანდელი ქართული პოლიტიკის რეალური შემოქმედი და იმ ცხოვრების სტანდარტების დამკვიდრებაში, რაც დღეს საქართველოაშია, სწორედ მათ მიუძღვით ლომის წილი", - განმარტავს პოლიტოლოგი.
რაც შეეხება მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტრის თბილისში ჩამოსვლა, შესაძლოა, რომელიმე ქართველი მაღალჩინოსნის დაპატიმრების გეგმის მომზადებას უკავშირდებოდეს, სოსო ცისკარიშვილი მას ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევს.
"ასეთი სურვილის შემთხვევაში, მასპინძელთაგან მიიწვევდნენ ვინმეს შეერთებულ შტატებში და თავად ვაშინგტონელი მაღალჩინოსანი არ იფრენდა წინ და უკან, ოკეანეების თავზე. მგონი, აქ უფრო სერიოზული საკითხი უნდა იყოს, ვიდრე ერთი კონკრეტული პირის პასუხისმგებლობაა", - განუცხადა ცისკარიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ "ეფ-ბი-აის" უფროსი რობერტ მიულერი თბილისში გუშინ ჩამოვიდა. მისი ვიზიტის დეტალები საკმაოდ გასაიდუმლოებულია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მიულერი საქართველოს შს მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს შეხვდა. ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელმა საქართველო უკვე დატოვა.