კრასნოგორსკელი ბიზნესმენის, ამირან გიორგაძის საცხოვრებელ სახლში, რომელიც მაღალჩინოსნების მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, პოლიციამ მეოთხე ადამიანის ცხედარი აღმოაჩინა. ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული გიორგაძის კომპანიონი ტრისტან ზაქაიძეა. დადგენილია მკვლელობებში ეჭვმიტანილის თანამზრახველის ვინაობაც. ის გიორგაძის პირადი დაცვის წევრი, 27 წლის შოთა ელიზბარაშვილია. ეჭვმიტანილი გიორგაძე ამ დრომდე არ დაუკავებიათ, თუმცა მისი ადგილ-სამყოფელი უკვე ცნობილია. რუსი ძალოვნების განცხადებით, გიორგაძე შეიარაღებულია და ძალიან საშიშია. ამირან გიორგაძე კრასნოგორსკის ელექტროქსელების ერთ-ერთი მფლობელია. მას კრასნოგორსკში სამშენებლო ბიზნესიც აქვს. როგორც წინასწარი მოკვლევით დგინდება, მან რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იური კარაულოვი და ელექტროქსელების ხელმძღვანელი გიორგი კოტლიარენკო სიტყვიერი შელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და მიიმალა. მათ გარდა გიორგაძემ სიცოცხლეს მესამე ადამიანიც გამოასალმა, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია.