დღეს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი "საჩუქარი" საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე მიხეილ თუმანიშვილის პრემიის, "ხელოვნებაში სრულყოფილებისთვის" ლაურეატები საზეიმოდ დაჯილდოვეს. წელს ამ საპატიო ჯილოს გადაცემის პატივი წილად ხვდა ფესტივალ "საჩუქარის" მუდმივ მხარდამჭერს და პარტნიორს, თიბისი ბანკს. თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ "ხელოვნებაში სრულყოფილებისთვის" პრემიის 2015 წლის ლაურეატები, მარი ჯანაშია, მანანა მენაბდე, ნანა ფაჩუაშვილი, დავით დოიაშვილი და ნანი ჩიქვინიძე დააჯილდოვა.
ფესტივალ „საჩუქარის“ ფარგლებში, რომელიც წელს უკვე მეცამეტედ იმართება, თბილისი ქართულ და უცხოურ დასებს უმასპინძლებს. მაყურებელს ერთი თვის განმავლობაში საშუალება ექნება თბილისის თეატრების სცენებზე მსოფლიო ხელოვნების შედევრები იხილოს. სპექტაკლებისა და მასტერკლასების გარდა, წლევანდელ ფესტივალზე პერსონალური გამოფენები და საჯარო ლექციებიც გაიმართება.
საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი „საჩუქარი“ წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის და თიბისი ბანკის მხარდაჭრით ტარდება.
ხელოვნების ფესტივალი, რომელიც ლეგენდარული ქართველი რეჟისორის, მიხელ თუმანიშვილის სახელს ატარებს, მისმა მოსწავლემ, რეჟისორმა ქეთი დოლიძემ 1996 წელს დააარსა.
საერთაშორისო ფესტივალმა თავისი არსებობის მანძილზე თეატრისა და კინოს მრავალ ვარსკვლავს უმასპინძლა.