პარლამენტის ბიუროს სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უმცირესობასა და უმრავლესობას შორის კამათის მიზეზი დღის წესრიგში გახმაურებულ საქმეებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის ჩასმა გახდა.
სხდომაზე ვიცე-სპიკერმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეთანხმება იყო მიღწეული, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა დღეს, დღის პირველ ნახევარში გაიმართებოდა.
მისი თქმით, საზოგადოებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი და არა რომელიმე კანონპროექტის მიღება.
ბარამიძეს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გამოეხმაურა და განმარტა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებულია, რამდენიმე დაჩქარებული კანონპროექტის განხილვა, რომლის შემდეგაც მსჯელობა საგამოძიებო კომისიების შექმნაზე გაიმართება.
უმცირესობა თათუხაშვილის, რაფალიანცისა და კიწმარიშვილის საქმეებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.