არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების ევროპულმა ქსელმა, უკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დაწყების შესახებ განაცხადა.
კიევში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ENEMO-ს მისიის აღმასრულებელი გუნდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკრაინის არჩევნებზე ქსელი ფართომასშტაბიან მონიტორინგს განახორციელებს. არჩევნებზე დაკვირვება მოხდება 50 გრძელვადიანი დამკვირვებლისა და 270 მოკლევადიანი დამკვირვებლის მეშვეობით.
უკრაინის 25 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებისთვის მზადება, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. საწყის ეტაპზე, ISFED-მა მისიისათვის საჭირო ფინანსები მოიპოვა და ამჟამად ახორციელებს მისიის ფინანსურ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ უკრაინის არჩევნებზე, ENEMO-ს ეგიდით, 20-ზე მეტ დამკვირვებელს აგზავნის. მათ შორის არის 6 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომელიც უკრაინის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას, კენჭისყრის დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდს დააკვირდება.