ქართული ანბანი, ქართული ღვინის ჭურჭელი, ქართული ნაციონალური ტანსაცმელი, უნიკალური ლანდშაფტის ფოტოები, არქეოლოგიისა და ოქრომჭედლობის სამუზეუმო ნიმუშების მინაბაძები - ქვეყნის მთავარი კულტურული ღირებულებების გამოფენა მიმდინარეობს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) წევრი სახელმწიფოების რიგით 55-ე ასამბლეის ფარგლებში.
გამოფენა, რომლის ორგანიზატორია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ისმო, 7 ოქტომბერს (2015 წ.), ჟენევაში, ისმო-ს გენერალურმა დირექტორმა ფრენსის გარიმ და კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ საზეიმოდ გახსნეს.
ცერემონიაზე 188 ქვეყნის 1000-მდე დელეგატი იყო მოწვეული, რომელთაც მოისმინეს ქართული პოლიფონია ანსამბლ “რუსთავი”-ს შესრულებით, იხილეს მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი “ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი”, დააგემოვნეს ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული ქართული ყველი და ტკბილეული.
გამოფენა ისმო-ს საგამოფენო სივრცეში ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო ქართული ანბანი ისმო-ში მუდმივ მოქმედ ექსპოზიციად დარჩება.