დევნილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო და მას სამართალთან და კონსტიტუციასთან არანაირი შეხება არ აქვს.
როგორც ჟურნალისტებს სუბარმა განუცხადა, ის საკონსტიტუციო სასამართლოს მორიგ და ყველაზე ლოგიკურ გადაწყვეტილებას ელოდება.
„საკონსტიტუციო ცვლილებები მომზადდა, რომლითაც პრეზიდენტს უფლებები ჩამოერთვა და ის პრემიერს გადაეცა. ეს იმისათვის მოხდა, რომ სააკაშვილი როგორც პრემიერი ქვეყანას მოვლენოდა. ახლა საკონსტიტუციო სასამართლომ რომ დაადგინოს, თითქოს, სხვა გუნდის გამარჯვება არაკონსტიტუციური იყო და სააკაშვილს უნდა დაუბრუნდეს ხელისუფლება, ამის გარდა საკონსტიტუციო სასამართლოსგან სხვას აღარაფერს ველოდები“, - განაცხადა სუბარმა.
მინისტრი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს გამოტანა არაკონსტიტუციური არ არის.
„ეს ნორმა ძალიან ბევრ ქვეყანაში მუშაობს და საქართველოშიც მუშაობდა. ამას კონსტიტუციასთან შეხება არ აქვს. დასაბუთება, რომელიც დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით საკონსტიტუცო სასამართლომ გამოაქვეყნა, აბსოლიტურად პოლიტიკური იყო და სამართალთან და კონსტიტუციასთან არანაირი შეხება არ აქვს. პროექტმა ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენა რომ მოახდინოს, ან არ მოახდინოს, ეს კონსტიტუციასთან შემხებლობაში არ არის და ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტიც არ არის“, - განაცხადა სუბარმა.
„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებები დეპუტატებმა ნოდარ ებანოიძემ და თამაზ მეჭიაურმა მოამზადეს, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ბანკის დაქვემდებარებიდან ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო გამოვიდა. პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო, რომელიც უმრავლესობა სექტემბერში დაძლია, უმცირესობამ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს.
საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა.