თიბისი ბანკისა და ელექტრონული წიგნების სახლის „საბა“ მხარდაჭერით, ზოოპარკში გურამ დოჩანაშვილის ახალი მოთხრობის, „გივიზე” პრეზენტაცია გაიმართა.
ცოცხალმა კლასიკოსმა მოთხრობა 13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილ მეგობარს, გივი დვალს მიუძღვნა, რომელიც წლების განმავლობაში ზოოპარკში მუშაობდა.
წიგნის 1000 ეგზემპლარი, რომელიც სპეციალურად 13 ივნისის მოხალისეებისთვის დაიბეჭდა, ავტორმა მათ საჩუქრად პრეზენტაციის დროს გადასცა, ხოლო დღეიდან მოთხრობის ონლაინ ვერსია ელექტრონული წიგნების სახლის ვებგვერდზე saba.com.ge უკვე ყველა მსურველისათვისაა ხელმისაწვდომი.
„გივიზე“ გურამ დოჩანაშვილმა 2005 წელს დაწერა, თუმცა მოთხრობა მწერლის არც ერთ კრებულში არ არის შესული. განათლებით ისტორიკოსი, გივი დვალი, რომელიც 13 ივნისის სტიქიას 77 წლის ასაკში ემსხვერპლა, ზოოპარკში მაიმუნების მომვლელად მუშაობდა. გივის არც ოჯახის წევრი და არც ნათესავი არ ჰყავდა, ამიტომ მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი 20 წლის განმავლობაში ზოოპარკი იყო.
„უზომოდ განათლებული, სადა, უბრალო ადამიანი, რომელიც ყველას უყვარდა და რომელიც გარშემომყოფებს პრობლემას არ უქმნიდა“ -ასე იხსენებენ გივი დვალს ზოოპარკის თანამშრომლები.
„გივიში რაღაც უჩვეულო და უცხოდაც კი წრფელი სიკეთე და სისადავე და ყოვლად უმანკო პატიოსნურად-სულისმიერ უბიწოება გივიში, დვალში, - ძალიან იყო...“- წერს გურამ დოჩანაშვილი მოთხრობაში.
"მოხარული ვარ, რომ მოთხრობა "გივიზე", საოცრად სათნო კაცზე, საბას მეშვეობით ელექტრონული სახით მკითხველთა ფართო საზოგადეობას გადაეცემა“ - გურამ დოჩანაშვილი.