დღეს ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს შესახებ აღმოჩენილი უცნობი მასალები გამოიფინება.კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ახალ, უნიკალურ მასალებს შორისაა 1652 წელს ოქსფორდში დაბეჭდილი და საქართველოში გამოუქვეყნებელი ნაშრომი ქეთევან წამებულის შესახებ. ასევე, ასზე მეტი მნიშვნელოვანი ცნობა მეფე ერეკლეს სამხედრო წარმატების შესახებ.
აღნიშნული მასალა 1752 წლიდან 1792 წლამდე ინგლისურ გაზეთებში ქვეყნდებოდა. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია მე-18 საუკუნის ინგლისურ წიგნებში დაბეჭდილი შრომები, პიესები და ლიტერატურული ჩანახატები საქართველოს შესახებ. აღნიშნული ცნობები მეცნიერული შესწავლის ობიექტი დღემდე არ ყოფილა.
საარქივო მასალებს შორის მიმდინარე წელს ირლანდიიდან ჩამოტანილ ე.წ დადიანთა არქივს წარადგენენ, რომელშიც სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და ნიკოლოზ მინგრელსკის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია შესული. როგორც ცნობილია, ეს უკანასკნელი, 1878 წელს ბულგარეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტად იყო წარდგენილი, რის გამოც, დადიანთა ოჯახის შესახებ ევროპული პრესა აქტიურად წერდა.
სტუმრები ასევე, გაეცნობიან პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ისტორიული ქსოვილის აღდგენას. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად სამუშაოები უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, აღდგენილია თამარ მეფის, ლაშა გიორგის, ჯაყელების, დადიანების, გურიელების და სხვათა ქართული ისტორიული სამოსის ქსოვილები.
ხელოვნების სასახლეს დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან თამარ სანიკიძესთან ერთად ესტუმრება