საქართველოს რადარებიდან გაქრობა-არგაქრობას, ობიექტური მიზეზები აქვს, - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ.
დონდუას განცხადებით, საქართველოში ანექსიის თვალსაზრისით, ზუსტად იგივე პროცესები მიმდინარეობს, რაც უკრაინაში.
ქვეყნის საგარეო მიმართულებაზე დონდუამ მას შემდეგ ისაუბრა, რაც მას, ვიქტორ დოლიძემ საქართველოს რადარებიდან გაქრობის შესახებ კითხვით მიმართა.
დონდუას თქმით, საქართველოს რადარებიდან გაქრობასა თუ არგაქრობას, ობიექტური მიზეზები აქვს.
„სამწუხაროდ, თუ არასამწუხაროდ, პროცესები უკრაინამ გადაფარა. როდესაც კი ყურადღება ჩვენს რეგიონზე, აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირზე მახვილდება, მთელი ყურადღება უკრაინაშია. ამას პლუსებიც აქვს და მინუსებიც. პლუსია, რომ უსაფრთხოების მხრიდან, ჩვენ ისეთ მძიმე მდგომარეობაში არ ვართ. ანუ, არ არის სროლა და სისხლის ღვრა. მაგრამ მეორე საფრთხეა, რომელიც შეიძლება უფრო დიდი იყოს. ჩვენთან, ანექსიის მხრივ, ზუსტად იგივე პროცესები მიმდინარეობს, რაც უკრაინაში. ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან ჩვენი მესიჯია - ნუ მოგატყუებთ ის, რომ თქვენ ყოველ დღე, ტელევიზორებსა და პრესაში ისეთ ინფორმაციებს არ ხედავთ, რომელიც უკრაინიდან მოდის. მათ ვეუბნებით, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არის სიწყნარე და სტაბილურობა. საქართველოში ზუსტად იგივე პროცესები მიდის, ოღონდ გაცილებით რთული ფორმით, რაც უკრაინაში. პარტნიორებთან შეხვედრებზე, ჩამოყალიბებული მესიჯი გვაქვს - ეს არის მძიმე ფორმა დაავადების, რომელიც სიმპტომების გარეშე ვითარდება და როცა აღმოჩნდება, მერე უკვე გვიან არის რაღაცის გაკეთება“, - აცხადებს დონდუა.