პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე, „რუსთავი 2“-ის თაობაზე მომზადებული განცხადების განხილვა, ცხარე დებატების ფონზე მიმდინარეობს.
საკითხის წარდგენისას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში მედიაში მიმდინარე მოვლები თავისუფალი მედიასივრცის შეზღუდვას ისახავს მიზნად. გაბაშვილმა ისაუბრა როგორც ტელეკომპანიასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავაზე, ასევე ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე და აღნიშნა, რომ ის, რაც ხდება მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ ხელისუფლების მიზანი მაღალრეიტინგული და კრიტიკული მედიის გაჩერებაა.
,,თუკი "რუსთავი2" გაჩერდება, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს 2016 წლის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს”, - აღნიშნა გაბაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან გაბაშვილს დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა მიმართა და განაცხადა, რომ არც ერთი ის პრინციპი, რაც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებულ განცხადებაშია დაფიქსირებული, ხელისუფლებაში მათი ყოფნის დროს დაცული არ იყო.