ევროსაბჭო აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ერთობლივ ჯგუფს ტოვებს, - ამის შესახებ გადაწყვეტილება ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდიმ ევროსაბჭოს მინისტრებს გუშინ შეატყობინა.
ევროსაბჭოს განცხადებით, უფლებადამცველთა მდგომარეობა აზერბაიჯანში მკვეთრად გაუარესდა. "დაკავებული უფლებადამცველების რაოდენობა მკვეთრადაა გაზრდილი, ევროსაბჭომ მიიღო ძალიან სამწუხარო ანგარიშები მათი დაკავების და ციხეში ყოფნის მიუღებელ პირობებზე", - წერია განცხადებაში.
შეგახსნებთ, აზერბაიჯანის პარლამენტმა გასულ თვეში დაიწყო პროცედურა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაში ("ევრონესტი") აზერბაიჯანის წევრობის შეჩერების შესახებ. გარდა ამისა, აზერბაიჯანის პარლამენტმა მთავრობას დაავალა, გადახედოს ქვეყნის მონაწილეობას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება აზერბაიჯანმა მას შემდეგ მიიღო, რაც 10 სექტემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიები დაგმო და დაპატიმრებულ უფლებადამცველთა და ჟურნალისტთა გათავისუფლება მოითხოვა.