ჩვენი აზრით ერთადერთი გამოსავალი, რომელმაც ქვეყანა ამ კატასტროფული მდგომარეობიდან უნდა გამოიყვანოს არის ვადამდელი არჩევნები, - განაცხადა ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გამართულ აქციაზე.
”ივანიშვილი და მისი გუნდის წარმომადგენლები უტიფრად აცხადებენ, რომ გვაქვსო საზოგადოების მხარდაჭერა. შევამოწმოთ, ვის აქვს საზოგადოების მხარდაჭერა. ერთადერთი გზა ლეგიტიმურობის დაბრუნებისა ხელისუფლებისთვის უნდა იყოს არჩევნები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი გასულები არიან ლეგიტიმურობის კურსიდან და ქვეყნისთვის ერთადერთი ლეგიტიმური გზა არის ვადამდელი არჩევნების ჩატარება. ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად და სწორედ ამ ამოცანით ჩვენ ვიწყებთ ფართომასშტაბიან კონსულტაციებს და ვაპირებთ ფართომასშტაბიან აქციებს”, - განაცხადა ბოკერიამ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია, დღეს, 5 ოქტომბერს, 19 საათზე დაიწყო და 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციას "თავისუფალი ზონის" წევრები, მოქალაქეები და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ესწრებოდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, საპროტესტო აქცია მედიის თავისუფლების მხარდასაჭერად და ქუთაისში დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით გამართეს.
ქუთაისში რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულებს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ნიკა ნარსიასა და კახა გაბუნიას ხულიგნობაში ადანაშაულებენ. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით წარუდგინეს, რაც სასჯელად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მესამე დაკავებულს მირიან დეისაძეს კი, ხულიგნობასთან ერთად, ცემასაც ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, დაკავებულებსა და უმრავლესობის დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც დეპუტატს პიჯაკი შემოახიეს. დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და პროტესტის ნიშნად შიმშილობენ.