უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ყველა უკრაინელი ტყვის გათავისუფლება შეიძლება იყოს მშვიდობის სიგნალი ოკუპანტების მხრიდან. მისი თქმით, უკრაინა მზადაა გაცვალოს "ყველა ყველაზე".
ამის შესახებ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის მესამე წლისთავთან დაკავშირებით კიევში პარტნიორ ქვეყნებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ომის დასრულება უნდა დაიწყოს იმ ნაბიჯებით, რომლებიც აღადგენს ნდობას თავად სიტუაციის მიმართ, რადგან არ არსებობს ნდობა რუსეთის მიმართ. ჩვენ გვჭირდება სიტუაციები, რომლებიც მიუთითებს ომის დასრულებაზე. რეალური სიტუაცია. ახლა კი ასეთი ნაბიჯი შეიძლება იყოს ტყვეების გათავისუფლება. ათასობით, ზუსტად ათასობით ადამიანი, რომლებიც რუსეთში არიან დაკავებული. და ზოგიერთი მათგანი არა მხოლოდ 2022 წლიდან, არამედ ბევრად უფრო ადრე, 2014 წლიდან. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს უკრაინელები. უკრაინა მზადაა გაცვალოს ყველა ყველაზე და ეს სამართლიანი ვარიანტია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ზელენსკის თქმით, ომი გრძელდება უკრაინის წინააღმდეგ და ამიტომ უკრაინა ევროპასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იყოს.
„რუსეთის სტრატეგიული სამიზნე სწორედ ევროპაა, ევროპული ცხოვრების წესი და, შესაბამისად, მისი უსაფრთხოება და ევროპის ბედი ევროპის გარეშე არ შეიძლება განისაზღვროს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
„უკრაინა, ევროპა, ამერიკასთან ერთად, ჩვენ უნდა ვიყოთ მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთის მოპირდაპირე მხარეს, რათა მშვიდობის აუცილებლობა კვლავ არ დაირღვეს ნორმალიზაციის, გადატვირთვის ან შერიგების დაპირებებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინა და მისი პარტნიორები იძულებული იქნებიან „ნატო შექმნან ქვეყნის შიგნით“, თუ უკრაინას ალიანსში არ მიიღებენ. მისი აზრით, უკრაინა იმსახურებს გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატო-ში.