ბულგარეთის ქალაქ ვარნაში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მონაწილეობით PABSEC-ის ეკონომიკურ, სავაჭრო, გარემოს დაცვისა და ტექნოლოგუირ საკითხთა კომიტეტის 45-ე სხდომა გაიხსნა.
სხდომას PABSEC-ის გენერალური მდივნის სპეციალური მოწვევით ასევე საქართველოს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე ესწრება. გახსნის ცერემონიაზე ასამბლეის წევრებს მისასალმებელი სიტყვით ბულგარეთის სახალხო კრების სპიკერმა, ცეცკა ცაჩევამ მიმართა.
კომიტეტის წევრებმა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ელექტრონული მმართველობის განვითარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. სხდომაზე ამ საკითხთან დაკავშირებით დებატები გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 12 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებმა საკუთარი შეხედულებები და მოსაზრებები გამოთქვეს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გელა სამხარაულმა დეპუტატებს საქართველოში ელექტონული მმართველობის(e Government) და ელექტრონული გამჭირვალობის(e Transparency) განვითარების ზოგადი ტენდენციები გააცნო. მან ასევე ბოლო წლებში ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების სფეროში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. PABSEC-ის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომის მონაწილეებმა ასამბლეის წევრ სახელმწიფოებში ელექტრონული მმართველობის (e Government) განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და კონკრეტული რეკომენდაციები შეიმუშავეს, რომლებსაც დეპუტატები ორგანიზაციის მომავალ გენერალურ ასამბლეაზე დაამტკიცებენ. საქართველოს მუდმოვმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი მიხეილ მაჭავარიანი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ზურაბ მელიქიშვილი შედიან.