აჭარაში ჩასულ ტურისტთა 91% შავიზღვისპირეთს დასასვენებლად სტუმრობს, _ ასეთ დასკვნას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. აჭარაში შიდა ტურიზმის მარკეტინგული კვლევის შედეგად ირკვევა, რომ აჭარაში ჩასულ ტურისტთა 5,4 % რეგიონს ნათესავების მოსანახულებლად, 2,8 % კი საქმიანი ვიზიტისთვის აკითხავს.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სოფო ნიკოლაიშვილმა განუცხადა, 1000 რესპოდენტის გამოკითხვის შემდეგ გამოვლინდა, რომ ქართველი დამსვენებელი, ფინასური მოსაზრებებისა და გარკვეულ ადგილზე მიჯაჭვულობის გამო, წლების განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას ისვენებს.
"დასვენების მხრივ ყველაზე მეტად პოპულარულია ქობულეთი და ბათუმი. კვარიათში გამოკითხულთა 6, 4 %-მა დაისვენა, გონიოში - 3,7 %-მა, სარფში _ 3,5 %-მა, ციხისძირში _ 1,9 %-მა, მწვანე კონცხზე _ _ 1,5 %-მა, მახინჯაურში 0,9 %-მა, ხოლო ჩაქვში _ 0,8 %-მა", - აცხადებს ნიკოლაიშვილი.
კვლევამ აჩვენა, რომ ბათუმში დასვენება ყველაზე მეტად პოპულარულია 20-29 და 40-55 წლის ვიზიტორთა შორის, ქობულეთში დასვენება - 55 წელზე ზემოთ და 20 წლამდე ასაკის ვიზიტორთა შორის. ციხისძირი პოპულარულია 20-29 წლის ვიზიტორებში, კვარიათი - 30-39 წლამდე, ხოლო გონიო პოპულარულია 20-29 წლის დამსვენებლებისთვის.
შიდა ტურიზმის მარკეტინგული კვლევის შედეგად აღმოჩდა, რომ შიდა ვიზიტორთა შორის პოპულარობით სარგებლობს 10-15-დღიანი ტურები, დამსვენებელთა უმრავლესობა (64.2%) სწორედ ამ დროს ატარებს აჭარაში. 5-10 დღით ისვენებს გამოკითხულთა 15.5 %, 15-20 დღით 11%-ი, 20 დღეზე მეტი ხნით აჭარაში ისვენებს 7.3 %, ხოლო ყველაზე ნაკლები რაოდენობა, ვიზიტორთა 2 % სტუმრობს აჭარას 1-5 დღით.
"გამოკითხულთა შორის 69 % უპირატესობას ზაფხულის კურორტებს ანიჭებს, 31.1 % _ კულტურულ ტურებს, 30 % _ ზამთრის კურორტებს, 10.4 % _ სათავგადასავლო ტურიზმს, 5.1 % -სპორტულ ტურიზმს, გამოკითხულთა 10.3 % დაინტერესებულია რელიგიურ-პილიგრიმული ტურიზმით, ეკოტურიზმით - 6.1 %, სამკურნალო ტურიზმით - 5 %, "შოპ-ტურებით" _ 3 %, საკრუიზო და ღვინის ტურებით _ 2-2%, სხვა _ 1 %.
უნდა აღინიშნოს, რომ პროცენტთა ჯამი აღემატება 100%-ს, რაც იმითაა განპირობებული, რომ ვიზიტორები დასვენების დროს დაკავებული იყვნენ რამდენიმე სახის აქტივობით.
კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე მეტად შიდა ვიზიტორები თავსდებიან კერძო ბინაში (58,1%), შემდეგ მოდის ნათესავის/მეგობრის სახლი (22.5%), სასტუმროში გაჩერდნა გამოკითხულთა 9,5 %, სასტუმრო-სახლში _ 6.1 %, კარავში - 2.4% და აგარაკზე _ 1.4 %.
გამოკითხულთა უმრავლესობა საშუალოდ დღეში დასვენების დროს ხარჯავდა 20-30 ლარს (50,3%), 30-50 ლარს _ გამოკითხულთა 24 %, 50-100 ლარს საშუალოდ დღეში ხარჯავდა რესპოდენტთა 18,7 %, 100-150 ლარს _ 5 %, ხოლო 150 ლარზე მეტს მხოლოდ გამოკითხულთა 2%", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ნიკოლაიშვილი.
ტურისტული ფირმების მიერ საქართველოში ტურისტული ვიზიტების ორგანიზება ტუროპერატორების დახმარებით საკმაოდ იშვიათია. რესპონდენტებთა 98%-ს არ მიუმართავს ტურისტული ფირმისთვის თავიანთი დასვენების დაგეგმვისას. გამოკითხულთა მხოლოდ 6%-ს აქვს სურვილი ტუროპერატორის დახმარებით გაემგზავროს აჭარაში დასავენებლად.