ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ავიაიერიშები სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ არ იყო მიმართული, საჰაერო იერიშებიდან რამდენიმე საათში გავრცელდა. როგორც ამერიკის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ტერიტორიაზე, რომელიც რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა დაბომბეს, ჯიჰადისტები არ იმყოფებოდნენ. ეშტონ კარტერმა სირიის კონფლიქტში რუსეთის ჩართვას “ცეცხლზე ნავთის მისხმა” უწოდა და აღნიშნა, რომ სირიის კონფლიქტის მოგვარების პროცესი შესაძლოა კიდევ უფრო გაჭიანურდეს. ანალოგიური ბრალდება მოსკოვს სირიის ოპოზიციამაც წაუყენა. ასადის ოპონენტების მტკიცებით, რუსებმა არა ისლამური სახელმწიფოს ობიექტები, არამედ სირიის თავისუფალი არმიის შტაბ-ბინა დაბომბეს, რასაც 36 ადამიანი ემსხვერპლა.