"ჩვენ მოვახერხეთ ისეთიი პოლიციის შექმნა, რომელსაც საზოგადოების ნდობა აქვს", - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პოლიციის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართული აღლუმის ჩაბარების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"თუ წლების წინ პოლიციას საზოგადოების მხოლოდ 5 %-იანი ნდობა ჰქონდა, ახლა მისი მოქალაქეების 80 %-ზე მეტს სჯერა. პოლიცია დღეს უყვარს ხალხს და უყვარს არა მხოლოდ იმიტომ, რომ წესრიგი დაამყარა, არამედ იმიტომ, რომ მასში ხედავს ადამიანის დამცველს, მის მეგობარს, მეზობელს, შვილს დას და ძმას, რომელიც ზრუნავს მასზე", - განაცხადა სააკაშვილმა, რომლის შეფასებითაც, "იმ უკულტურობის, საზიზღრობის ძირში გადატეხვა, რაც ქვეყანაში "ვარდების რევოლუციამდე" არსებობდა, ჩვენი სოციალური ტრანსფორმაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია".
ამასთან, სააკაშვილის განმარტებით, რევოლუციიდან დღემდე ბევრი შეცდომაც იქნა დაშვებული, თუმცა საბოლოო ჯამში, პოლიციამ სწორი მიმართულებით დაიწყო სხვა, რასაც ვერავინ შეაჩერებს.
"ყოველთვის ყველაფერი არ არის იდეალურად. რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები და ცალკეული ადამიანების მიერ ჩადენილი დანაშაულებები, სხვადახვა ეტაპებზე სიტუაცია ადამინის უფლებების დაცვის კუთხით ყოველთვის არ იყო შავი ლაქებისა და პრობლემების გარეშე, მაგრამ ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, სწორი გზით მიდის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ჩამოყალიბებული ახალი ტრადიციის უარყოფა ვერავინ მოახერხოს. რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც შეურაცხყოფენ საკუთარი მუნდირის ღირსებას, მაგრამ ისინი აგებენ პასუხს, როგორც ყველა ის პირი დაისაჯა, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა. არავის ექნება პრივილეგია... ამავე დროს ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს პოლიცია ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პოლიცია მსოფლიოს მასშტაბით, რასაც საერთაშორისო საზოგადოებაც აღიარებს", - განმარტა ქვეყნის პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ყველაზე მთავარი, რაც ქართველ სამართალდამცველებს გააჩნიათ, ღირსებაა.
"შეიძლება აღჭურვა უკეთესი იყოს, როგორც ბევრ სხვა ქვეყნის პოლიციას აქვს და ხელფასიც მეტი გქონდეს, მაგრამ ის, რაც თქვენ გაქვთ ყველაზე მთავარია. ეს არის ღირსება, პატიოსნება, კომპეტენტურობა და ეროვნულობა სახელმწიფოებრივი გაგებით", - განმარტა სააკაშვილმა.