გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების ინიციატივით გამოდის.
მერკელი მიიჩნევს, რომ უშიშროების საბჭოს ამჟამიდელი სტრუქტურა და მისი საქმიანობის მეთოდები მსოფლიოში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად, არ შეესაბამება სახელმწიფოების ძალთა რეალურ თანაფარდობას.
მისი თქმით, მსოფლიოს სახელმწიფოთა უმეტესობა არ ეთანხმება გაეროს უშიშროების საბჭოს ამჟამიდელ სტრუქტურას და საქმიანობის მეთოდებს.
G4-ის ჯგუფის (გერმანია, ინდოეთი, იაპონია, ბრაზილია ) ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ეს სახელმწიფოები დიდი ხნის განამლობაში მოითხოვენ უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრობას.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან და ვეტოს უფლებით სარგებლობენ - აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი, რომელმაც ეს ადგილი საბჭოში, მემკვიდრეობითობის პრინციპით, სსრკ-ს დაშლის შემდეგ მიიღო. მათ გარდა უშიშროების საბჭოში ასევე შედის 10 არამუდმივი წევრი, რომლებიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იცვლებიან.