საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუა და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილეს ნიკოლას ბერლინერს შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობა და მისი შემდგომი განმტკიცების პერსპექტივები.
შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წლის 14 ივლისს, ვენაში ხელმოწერილი ერთობლივ მოქმედებათა ყოვლისმომცველი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ მიღწეული შეთანხმება წარმოადგენს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს და მიესალმება პროცესში ჩართული მხარეების განსაკუთრებულ ძალისხმევას ამ მიმართულებით. გამოითქვა იმედი, რომ გეგმით გათვალისწინებული შემდგომი პროცესი განხორციელდება შეთანხმებული პარამეტრების სრული დაცვით. ამასთან, ქართულმა მხარემ დააფიქსირა, რომ შეთანხმების შედეგად, ირანის იზოლაციიდან გამოსვლა პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს არა მარტო გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობაზე, არამედ შექმნის ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით.
საუბარი აგრეთვე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობისთვის მზადყოფნა და ხაზი გაუსვა ფორმატისა და მისი დღის წესრიგის შენარჩუნების აუცილებლობას.