საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იონას პასლაუსკასმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე კი მხარეებმა საქართველოსა და ლიტვას შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.
ჯალაღანიამ ელჩს ლიტვის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და გამოხატა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
თავის მხრივ პასლაუსკასმა ლიტვური მხარის განუხრელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ დაადასტურა და ხაზი გაუსვა ლიტველ და ქართველ ხალხებს შორის არსებულ განსაკუთრებულად თბილ ურთიერთობებს.
ამასთან, შეხვედრაზე დიპლომატებმა საქართველოსა და ლიტვას შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში ერთობლივი კომისიის დაფუძნების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.