აშშ-ში საქართველოდან ორი დელეგაცია გაემგზავრება. ერთს პრემიერ-მინისტრი, მეორეს კი პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. ღარიბაშვილი აშშ-ში 25 სექტემბერს გაემგზავრება, მარგველაშვილი კი - 27 სექტემბერს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიას დაესწრება. მისი სიტყვით გამოსვლა 1 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი.
გარდა ამისა, პრემერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები და არაერთ ღონისძიებაში მონაწილეობა. თუმცა, ვიზიტის ზუსტი პროგრამა ჯერ ისევ უცნობია.
პრეზიდენტი კი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ნიუ-იორკსა და ვაშინგტონს ეწვევა. გიორგი მარგველაშვილი ნიუ-იორკში, დისკუსიაში "აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება" მიიღებს მონაწილეობას, სადაც ის ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ მიიწვია.
მარგველაშვილი ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. დაგეგმილია მისი საჯარო გამოსვლები.
საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში ერთ-ერთ ორმხრივ შეხვედრას უკრაინელ კოლეგა პეტრო პოროშენკოსთან გამართავს.
ორივე ვიზიტი 2 ოქტომბერს დასრულდება.