საქართველოს საკონტიტუციო სასამართლომ გამოცხადა გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (N646 კონსტიტუციური სარჩელი) და საკონსტიტიციო სარჩელი ნაწლობრივ დააკმაყოფილა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელთან დაკავშირებით გავრცელებლ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ "მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწესრიგებული რამდენიმე საკითხი, მათ შორის, ის გარემოება, რომ პირისთვის რამდენიმე ბრალდების შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის, ვადა შესაძლოა განისაზღვროს თითოეული საქმისათვის დამოუკიდებლად და ჯამში აღემატებოდეს 9 თვეს, რაც მისი აზრით, კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაცულ ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლებას ეწინააღმდეგება.
მოსარჩელე, ასევე, პრობლემურად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, ბრალდებულისათვის პატიმრობის შეფარდებისას სასამართლო ხელმძღვანელობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რაც წარმოადგენს არასაკმარისად მაღალ მტკიცებულებით სტანდარტს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვისთვის.
მოსარჩელე გიორგი უგულავა, ასევე, თვლის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ბრალდებულის მიერ პატიმრობის ღონისძიების გადასინჯვის მოთხოვნისას და პროცესის მიმდინარეობისას მტკიცების ტვირთი ეკისრება დაცვის მხარეს, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
გარდა ამისა, მოსარჩელე მიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე და 205-ე მუხლები, რომელიც პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების ერთ-ერთ წინაპირობა ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენას ადგენენ. მოსარჩელე მიუთითებს, რომ პირის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ყოველთვისარ უნდა წარმოადგენდეს პატიმრობის გამოყენების საფუძველს, იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობით რიგი დანაშაულებისთვის თავისუფლების აღკვეთა საერთოდ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლებას".
აღნიშნულ საქმეზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2015 წლის 30 აპრილს შევიდა.
საკონტიტუციო სასამართლოს საქმეზე გადაწყვეტილება გუშინ უნდა გამოეცხადებინა, თუმცა მოსამართლე მერაბ ტურავას ავადმოყოფობის გამო სარჩელზე ხელმოწერა ვერ მოხერხდა. მოგვიანებით ტურავამ განაცხადა, რომ არ იცნობს გადაწყვეტილებას და ის არ აპირებს მასზე ხელის მოწერას შესწავლის დასრულებამდე.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტურავას სასამართლოზე გამოუცხადებლობის საკითხი შესასწავლად და შესაბამისი დასკვნის მოსამზადებლად გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას.
”2015 წლის 16 სექტემბერს, შპს ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ მედინაში, გადაწყვეტილებაზე (საქმეზე საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N646 კონსტიტუციური სარჩელი) ხელმოწერის უზრუნველყოფის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლო სრული შემადგენლობით შეხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას. მოსამართლე მერაბ ტურავამ უარი განაცხადა გადაწყვეტილების ხელმოწერაზე.
ზემოაღნიშნული ფაქტი, ისევე როგორც 2015 წლის 15 სექტემბერს N646 კონსტიტუციური სარჩელზე გადაწყვეტილების ხელმოწერისა და შემდგომი გამოცხადების მიზნით დანიშნულ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მერაბ ტურავას, გამოუცხადებლობის საკითხი, შესასწავლად და შესაბამისი დასკვნის მოსამზადებლად გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას.
კომისიის დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს კომენტარი გააკეთოს ბატონი მერაბ ტურავას მიერ მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, იმის შესახებ რომ მას გადაწყვეტილების სრული ტექსტი დაგვიანებით მიეწოდა, ხოლო მოსამართლეებმა მოუმზადებლად დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები აღნიშნული საქმის გადაწყვეტასთან დაკავშირებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეახსენებს საზოგადოებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გამართული თათბირის არსის გამჟღავნება წარმოადგენს კანონით აკრძალულ ქმედებას და მოუწოდებს ბატონ მერაბ ტურავას, თავი შეიკავოს მსგავსი შინაარსის განცხადებების გავრცელებისაგან.
ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, რომ საქართველოს საკონსტიტიციო სასამართლოს პლენუმის ყველა წევრს ჰქონდა გონივრული ვადა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების პროექტის გასაცნობად, აზრის გამოსათქმელად და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსიელებების განსახორციელებლად, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დანარჩენი წევრების მიერ სრულად იქნა რეალიზებული”, - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.