ახლა უკრაინა ყველამ უნდა დავიცვათ. თუ სახელმწიფოს აზიანებთ, პასუხისგებაში მიეცემით. თუ კანონს დაარღვევთ, პასუხს აგებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, სრულ მხარდაჭერას უცხადებს სამართალდამცავი და ანტიკორუფციული ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩატარებულ ყველა გამოძიებას.
მისივე თქმით, იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრები თანამდებობებზე ვეღარ დარჩებიან.
„დღეს დეტალურად ვესაუბრე უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს. პირველ რიგში, ენერგეტიკაში მაქსიმალური სისუფთავე უნდა იყოს, აბსოლუტურად ყველა პროცესში.
და მე მხარს ვუჭერ სამართალდამცავი და ანტიკორუფციული ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩატარებულ ყველა გამოძიებას, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ და ეს ყველასთვის აბსოლუტურად ნათელი და ერთსულოვანი პოზიციაა.
არანაირი სქემა არ არსებობს და კარგია, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი სრულ თანამშრომლობას უზრუნველყოფს გამოძიებასთან და ყველა საპროცესო და სასამართლო ქმედებასთან.
„ენერგოატომის“ მენეჯმენტის წმენდა და გადატვირთვა მოხდება. მეორეც, მე ვფიქრობ, რომ იუსტიციის მინისტრი და ენერგეტიკის მინისტრი თავიანთ თანამდებობებზე ვერ დარჩებიან.
ეს ასევე ნდობის საკითხია. თუ ბრალდებები არსებობს, მათ პასუხი უნდა გაეცეს. თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული სწრაფად, რაც შეიძლება სწრაფად.
მე ვთხოვე უკრაინის პრემიერ-მინისტრს, მიეღო ამ მინისტრებისგან გადადგომის შესახებ განცხადებები. ვთხოვ, უმაღლესი რადას დეპუტატებს, მხარი დაუჭირონ ამ განცხადებებს.
და შემდეგ ყველაფერი სამართლებრივად უნდა გადაწყდეს. მესამე, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წინადადების საფუძველზე, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას სანქციებთან დაკავშირებით.
უკრაინაში ახლა ყველასთვის წარმოუდგენლად რთულია. ყველა ელექტროენერგიის გათიშვის, „რუსული“ დარტყმებისა და დანაკარგების წინაშეა. სრულიად მიუღებელია, რომ ენერგეტიკის სექტორში გარკვეული სქემები კვლავ მიმდინარეობს.
მე ხელს მოვაწერ განკარგულებას, რომლითაც სანქციები დაწესდება ორი პირის მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ „ენერგოატომის“ წინააღმდეგ საქმეში.
ახლა უკრაინა ყველამ უნდა დავიცვათ. თუ სახელმწიფოს აზიანებთ, პასუხისგებაში მიეცემით. თუ კანონს დაარღვევთ, პასუხს აგებთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იცავს ჩვენს ქვეყანას და უკრაინელებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მასშტაბური კორუფციული საქმის გახსნის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. საქმე ეხება უკრაინის სახელმწიფო კომპანიის „ენერგოატომის“ თანხების გაფლანგვას. სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანის სახლში, მათ შორის გერმან გალუშენკოს სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. თანამდებობა დატოვეს იუსტიციის მინისტრმა გერმან გალუშენკომ და ენერგეტიკის მინისტრმა სვეტლანა გრინჩუკმა. კორუფციული სქემის ფიგურანტია ზელენსკის ახლო მეგობარი თემურ მინდიჩი, რომელმაც ქვეყანა უკვე დატოვა.