კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში აცხადებს, რომ პროცესები რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ვითარდება ქართული მართლმსაჯულების ინტერესებისთვის საზიანოა.
მისი თქმით, კანონმდებლობით მოსამართლე ტურავას არ აქვს უფლება ითხოვოს რამდენიმედღიანი ვადა გადაწვეტილებაზე ხელის მოსაწერად.
,,ჩვენ ახლა მომსწრენი ვართ არც თუ ისე სასიამოვნო პროცესების, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, რომელიც არც თუ ისე სასარგებლოა ქართული მართლმსაჯულების ინტერესებისთვის. სამწუხაროა, რომ საქმე აქამდე მივიდა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საკმაოდ დაძაბული ვითარებაა სასამართლოს შიგნით ამ ინციდენტის გამო. ჩემი მხრიდან ძნელია განცხადების გაკეთება დეტალებთან დაკავშირებით, თუმცა ცნობილი გახდა რომ ტურავა უარს აცახადებს გადაწვეტილებაზე ხელის მოწერაზე რამდენიმე დღის განმავლობაში. თუმცა კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამგვარ სპეციფიკურ შემთხვევას. კანონმდებლობა ამბობს, რომ მოსამართლე ვალდებულია გადაწყვეტილებას ხელი მოაწეროს”, _განაცხადა მენაბდემ.
მენაბდე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული პროცესები მოსამართლე მერაბ ტურავას უფლებამოსილების შეწყვეტით დასრულდეს.
,,საბოლოოდ ყველაფერი შეიძლება დასრულდეს ბატონი ტურავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტით”, _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში მენაბდემ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ მერაბ ტურავამ საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (N646 კონსტიტუციური სარჩელი) გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა. ტურავა აცხადებს რომ მას საქმე გასაცნობად გვიან გადაეცა და კოლეგები არაკეთილსინდისიერებაში დაადანაშაულა.
თავის მხრივ საკონსტიტუციო სასამართლომ გაავრცელა განცხადება სადაც აღნიშნულია: ”2015 წლის 16 სექტემბერს, შპს ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ მედინაში, გადაწყვეტილებაზე (საქმეზე საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N646 კონსტიტუციური სარჩელი) ხელმოწერის უზრუნველყოფის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლო სრული შემადგენლობით შეხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას. მოსამართლე მერაბ ტურავამ უარი განაცხადა გადაწყვეტილების ხელმოწერაზე.
ზემოაღნიშნული ფაქტი, ისევე როგორც 2015 წლის 15 სექტემბერს N646 კონსტიტუციური სარჩელზე გადაწყვეტილების ხელმოწერისა და შემდგომი გამოცხადების მიზნით დანიშნულ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მერაბ ტურავას, გამოუცხადებლობის საკითხი, შესასწავლად და შესაბამისი დასკვნის მოსამზადებლად გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას.
კომისიის დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს კომენტარი გააკეთოს ბატონი მერაბ ტურავას მიერ მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, იმის შესახებ რომ მას გადაწყვეტილების სრული ტექსტი დაგვიანებით მიეწოდა, ხოლო მოსამართლეებმა მოუმზადებლად დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები აღნიშნული საქმის გადაწყვეტასთან დაკავშირებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეახსენებს საზოგადოებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გამართული თათბირის არსის გამჟღავნება წარმოადგენს კანონით აკრძალულ ქმედებას და მოუწოდებს ბატონ მერაბ ტურავას, თავი შეიკავოს მსგავსი შინაარსის განცხადებების გავრცელებისაგან.
ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, რომ საქართველოს საკონსტიტიციო სასამართლოს პლენუმის ყველა წევრს ჰქონდა გონივრული ვადა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების პროექტის გასაცნობად, აზრის გამოსათქმელად და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსიელებების განსახორციელებლად, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დანარჩენი წევრების მიერ სრულად იქნა რეალიზებული”.