რუსეთმა უკრაინაში საკუთარი პოზიციები დაკარგა, სასურველ წარმატებას ვერ მიაღწია და აშშ-ის მხრიდან არასასურველი რექცია გამოიწვია. ასეთ ვითარებაში, მოსკოვის შემდგომი ნაბიჯი უკრაინაში პოლიტიკური დესტაბილიზაციის გამოწვევა გახდება. ამის შესახებ ამერიკელმა პოლიტოლოგმა სადაზვერვო -ანალიტიკური ორგანიზაცია Stratfor-ის დირექტორმა ჯორჯ ფრიდმანმა განაცხადა.
„რუსეთმა უკრაინა დაკარგა. მათ ვერ მოახერხეს ამბოხების მოწყობა, საკუთარი ქმედებით გამოიწვიეს აშშ-ს ნეგატიური რეაქცია“,- განაცხადა ფრიდმანმა.
Stratfor-ის დირექტორმა განაცხადა, რომ რუსეთი ვერ მიაღწევს წარმატებას სამხედრო გზით, ხოლო აშშ-მა რეგიონში საკუთარი სამხედრო პოზიციის გაძლიერება დაიწყო.
„პოზიციების გასაძლიერებლად ჩვენ (აშშ. რედ) ვაპირებთ პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში და რუმინეთში ძალების განლაგებას“, - განაცხადა ფრიდმანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის შემდგომი ნაბიჯი, შესაძლოა, გახდეს უკრაინაში შიდაპოლიტიკური ვითარების არევა.
„შემდგომი იქნება არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური რაუნდი კიევში“, - განაცხადა სადაზვერვო -ანალიტიკური ორგანიზაციის დირექტორმა.