გაერო-ს შტაბ-ბინის შენობაზე პალესტინის დროშას აღმართავენ. ,,გარდიანის" ცნობით, გადაწყვეტილება ამის შესახებ გაერო-ში გუშინ მიიღეს.
აღნიშნულ ინიციატივას ორგანიზაციის 193 წევრი ქვეყნიდან 119-მა მისცა ხმა. შესაბამის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა აშშ-მა და ისრაელმა.
ისრაელის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პალესტინის დროშის აღმართვის გადაწყვეტილება გაერო-ში პალესტინის, როგორც სახელმწიფოს გაწევრიანებისკენ გადადგმული ნაბიჯია, რასაც ოფიციალური თელავივი არასოდეს შეეგუება.
დროშას გაერო-ს შტაბ-ბინაზე 30 სექტემბერს აღმართავენ, რა დროსაც პალესტინის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოვა.
პალესტინა გაერო-ს არაწევრი დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსით სარგებლობს. მან ეს სტატუსი 2012 წელს მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს გაერო-ს ასამბლეებსა და დებატებში მონაწილეობის უფლება.