საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თბილისის საერთაშორისო კონფერენცია „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში“ გახსნა, რომელიც საქართველოში მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისათვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით ტარდება.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა სიტყვით მიმართეს.
სახელმწიფოს მეთაურმა გამოსვლისას ყურადღება ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მნიშვნელობასა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა და რუსეთის საგარეო პოლიტიკის საფრთხეებზე ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების განხილვისას აღნიშნა, რომ უკრაინაში განვითარებული ტრაგედია, სწორედ, 7 წლის წინ, რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიაზე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არასათანადო რეაგირების ლოგიკური გაგრძელებაა.
კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტსა და მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს, NATO-ში აშშ-ის ყოფილ ელჩს კურტ ვოლკერს შორის დისკუსია გაიმართა.
დისკუსია საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, ქვეყნის წინაშე არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საგარეო და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და ქვეყნის სამომავლო სტრატეგიას შეეხო.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მკაცრი საგარეო ზეწოლისა და ქვეყნაში ეკონომიკური კრიზისის ფონზე, შეძლო დემოკრატიული რეფორმების განხორციელება და განვითარება; მიუხედავად ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა, დღეს საქართველო მსოფლიო გეოპოლიტიკური სისტემის მნიშვნელოვან ნაწილია.
საქქართველოს პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოების კითხვებსაც უპასუხა.
თბილისის საერთაშორისო კონფერენციას მაღალი რანგის პირები, ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, აშშ-ის, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური, დიპლომატიური, აკადემიური და ექსპერტული წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2015 წლის თბილისის საერთაშორისო კონფერენციის დასრულების შემდეგ შემუშავდება და გამოქვეყნდება სამოქმედო გეგმა, რომელსაც სარეკომენდაციო სახე ექნება და შესაძლებელს გახდის განვითარებადი დემოკრატიების უფრო ქმედით მხარდაჭერას.