რუსეთთან კონსტრუქციული მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთმა საერთაშორისო კანონმდებლობა უნდა დაივიწყოს, - ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბიორგე ბრენდემ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსა და ნორვეგიის საერთო მეზობლის ქმედებებმა, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა შეძრა და ეროვნული წყობილების საფრთხე გამოიწვია.
„ასეთი ტიპის ზეგავლენებს 21-ე საუკუნეში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. საქმე მხოლოდ ის არაა, რომ საქართველოსა და უკრაინაში კონფლიქტებია. ეს მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები და საფრთხეებია. ამ მოვლენებზე აშშ-ს რეაგირება კი, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბიორგე ბრენდემ.
მისივე თქმით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ძალიან დიდ ინტერესებს იწვევს.
„რუსეთთან საქართველოს კონსტრუქციული მოლაპარაკებები ჩვენთვის რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა ის საერთაშორისო კანონმდებლობა უნდა დაივიწყოს, რასაც ცივილიზებული სამყარო ემორჩილება. ჩვენ ქართველი ხალხისა და საქართველოს ერთგული ვართ და გვინდა, რომ საქართველომ ეკონომიკურადაც დიდ წარმატებებს მიაღწიოს“, - აღნიშნა ნორვეგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.