საქართველო და ნორვეგია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ, ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნორვეგიელ კლეგასთან, ბორგე ბრენდესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„შევთანხმდით, რომ მეტად აქტუალურია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება. უნდა აღვნიშნო, რომ იზრდება ნორვეგიის საქმიანი წრეების დაინტერესება საქართველოს ეკონომიკური პოტენციალით. იმედი გვაქვს, რომ ეს დაინტერესება, უახლოეს პერიოდში, კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებში ჰპოვებს ასახვას“-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ვიცე-პრემიერმა, ამ მიმართულებით ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითად დაასახელა ენერგეტიკის სფერო. ამჟამად, ნორვეგიული კომპანია “Clean Energy Invest“ მდინარე აჭარისწყალზე აშენებს ოთხ ჰიდროელექტროსადგურს. როგორც მინისტრმა აღნიშნა ამ მასშტაბური და წარმატებული პროექტის განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს ენერგეტიკის სისტემის დამოუკიდებლობასა და მდგრადობას.
გიორგი კვირიკაშვილმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მნიშვნელობას. „EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროპის ეკონომიკურ სივრცეში, ჩვენს ექსპორტიორებს მისცემს ახალ შესაძლებლობებს და გამოიწვევს დამატებით საინვესტიციო ინტერესს“-აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, 2014 წლის ბოლოს, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრი ქვეყნების (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია) საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დაიწყო საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები. დღეს დასრულდა მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომელიც თბილისში გაიმართა.
მინისტრმა, ორმხრივი თანამშრომლობის სფეროებში, ასევე გამოყო განათლება და მადლობა გადაუხადა კოლეგას იმ ფინანსური და საექსპერტო მხარდაჭერისთვის, რასაც ნორვეგიის მთავრობა ახორციელებს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვისთვის.