საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბორგე ბრენდეს შეხვდა.
გიორგი კვირიკაშვილმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოსა და ნორვეგიას შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო და აქტიურ ურთიერთობებს, როგორც პოლიტიკურ ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და ენერგეტიკის სფეროებში. მან ხაზი გაუსვა „განვითარების თანამშრომლობის“ ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის მიერ საქართველოს განათლების სისტემის მოდერნიზებასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს.
ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ბორგე ბრენდეს ნორვეგიის მთავრობის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავის მხრივ, მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს, მიესალმა ორ ქვეყანას შორის არსებულ დინამიურ თანამშრომლობას და მომავალში უფრო მეტად გაღრმავების იმედი გამოთქვა. ბორგე ბრენდემ ხაზი გაუსვა ნატო-ს სამშვიდობო მისიებში საქართველოს მეტად ღირებულ მონაწილეობას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებულ ე.წ. „ხელშეკრულებებს“ და ბოლო დროს რუსეთის მიერ განხორციელებულ უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებს.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერეს სამთავრობო შეთანხმებას „ორ ქვეყანას შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, სტუმარი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრთან თინათინ ხიდაშელთან.