დღეს, 4 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში საქართველოში ფოლკ-ტურიზმის განვითარების მხარდაჭერის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორება აცნობეს, მემორანდუმი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, საქართველოს გიდების ასოციაციასა და ტურიზმის განვითარების ცენტრს "ნიუკასი" შორის შემუშავდა და ითვალისწინებს ტურისტული მარშრუტების განვითარებას უნიკალური მემკვიდრეობის რეგიონებში ქვეყნის ეთნო-კულტურული საგანძურის შენარჩუნების მიზნით; ასევე, საქართველოში ფოლკ-ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული სათანადო პროექტების შექმნასა და განხორციელებას; ახალგაზრდული საგანმანათლებლო ტურების, საგანგებოდ შემუშავებული ღონისძიებების და პროგრამების მეშვეობით ახალგაზრდობის წახალისებას, უფრო ღრმად შეისწავლონ და შეინარჩუნონ უძველესი ეროვნული მემკვიდრეობა - ხალხური მუსიკა, თამაშობები, კერძები, ხელნაკეთი ნივთები; ტურიზმის განვითარების ეროვნულ სტრატეგიაში ქართული ფოლკლორისთვის განსაკუთრებული როლისა და ადგილის უზრუნველყოფას; საქართველოში ტურიზმის იმ სახეობების პრიორიტეტულად განვითარებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეთნო-კულტურული საგანძურის შენარჩუნებას; საქართველოს კუთხეებში ფოლკლორის, ხალხური ნაწარმისა და კულტურული ტრადიციების შენარჩუნებასა და აღორძინებაზე ორიენტირებული ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერას, რომელიც გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და თვითდასაქმების განვითარებას; ფოლკ-ტურიზმის ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობისა და მათ შორის სათანადო კოორდინაციის ხელშეწყობას, განსაკუთრებით სახელმწიფო სტრუქტურების, მასმედიის, ტურისტული კომპანიებისა და არასამთავრობო სექტორის ჩათვლით.
მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე მიწვეული არიან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლები.