თურქეთის დელეგაციის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთში საქართველოს ელჩი გამოეხმაურა. ირაკლი კოპლატაძის განმარტებით, ამ საკითხზე თურქეთის ცენტრალური მთავრობა ინფორმირებული არ იყო და ისინი ამ საკითხს უარყოფითად აფასებენ.
„თურქეთი სამთავრობო დონეზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ცალსახად ცნობს, რაც მათ გაეროს რეზოლუციისადმი მხარდაჭერით დაადასტურეს. მაგრამ, ახლა თურქეთში დროებითი საარჩევნო მთავრობა არსებობს, საარჩევნო პერიოდია და წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, არჩევნები 1-ელ ნოემბერსაა დანიშნული. თურქეთის პოზიციით, ამით შესაძლებელია ადგილებზე შესაბამისი მუნიციპალიტეტებისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა ისარგებლეს,"- განაცხადა ირაკლი კოპლატაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთიდან ოფიციალური დელეგაცია ჩავიდა, ქოჯაელის პროვინციის გუბერნატორის ხელმძღვანელობით. აფხაზური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, შეხვედრა გაიმართა საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთან რაულ ხაჯიმბასთან.
საუბარი თურქულ პროვინციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას ეხებოდა. რაულ ხაჯიმბას თქმით, დამოუკიდებლობის არაღიარების მიუხედავად, აფხაზეთი ამისთვის მზადაა.