პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის შეფასებით, მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ორგანიზაციების მიერ დადებითად შეფასებული კონსტიტუციური ინსტიტუციისთვის ფუნქციების ჩამორთმევა მიუღებელია, - ამის შესახებ მან საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე, სებ-ის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წარდგენისას განაცხადა.
,,ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა ეროვნული ბანკისგან და სსიპ-ის ჩამოყალიბება მიუღებელია შემდეგი გარემოებების გამო - უდავოა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების, მით უმეტეს კონსტიტუციური ინსტიტუტების სტაბილური ფუნქციონირება დემოკრატიული სისტემის ფორმირების წინაპირობაა. ამგვარ ვალდებულებას ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება და თავად ასოცირების დღის წესრიგი. ხსენებულ დოკუმენტებში ნათლადაა მითითებული მხარეთა ვალდებულება, ითანამშრომლონ დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობის, დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გასაძლიერებლად. საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს სახელმწიფოებრიობის იმგვარი გარემო და შესაბამისი პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, მდგრადობას და შემდგომ განვითარებას, რაც თავის მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცების წინაპირობაა", - განაცხადა კვერენჩხილაძემ.
პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეროვნული ბანკის შესახებ კანონპორექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის წინადადებებზე მსჯელობენ.