საპარლამენტო უმრავლესობამ ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროქტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის თაობაზე კონსულტაციები გამართა. როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრებმა სამუშაო შეხვედრის შემდეგ განუცხადეს, დეპუტატები პრეზიდენტის შენიშვნებს მიმდინარე კვირას განიხილავენ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური, ქვეყანაში არსებულ არასტაბილურ საფინანსო პოლიტიკას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას უკავშირებს.
„ჩემი აზრით, ეს იყო მცდარი გადაწყვეტილება. მან გარკვეულწილად გადასწია ამ კანონის მოქმედებაში შესვლა და აქედან გამომდინარე, დაკომპლექტება ზედამხედველობის სააგენტოსი. ყოველივე ეს ნეგატიურად აისახა იმ პროცესებზე, რომელიც ლარის კურსთან მიმართებაში ვითარდება. ეროვნული ბანკის მიმართ მეტი ნდობა უზრუნველყოფს ნაკლებ რყევებს და მეტ სტაბილურობას,“ - აცხადებს თამაზ მეჭიაური.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად პარლამენტს 76 კანონმდებელი მხარდაჭერა სჭირდება. Eროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გასვლას ითვალისწინებს.