კიევში უმაღლეს რადასთან მომხდარი შეტაკებების შედეგად 100-მდე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის შსს ავრცელებს. დაშავებულთა უმრავლესობა სამართალდამცავია. გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი მათგანის დაღუპვის შესახებაც, რაც ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა. დაპირისპირება უკრაინის პარლამენტთან სამი არასამთავრობო ფრაქციის ინიციატივით დაიწყო. უმაღლესი რადის შენობასთან საკონსტიტუციო ცვლილებები 3 ათასამდე აქტივისტმა გააპროტესტა. აქცია სამართალდამცავებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, სპეცრაზმელებმა კი მათ წინააღმდეგ რეზინის ხელკეტები გამოიყენეს. ამის შემდეგ სამართალდამცავებს დემონსტრანტებმა საბრძოლო ხელყუმბარა ესროლეს, რის შედეგაც რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც დონბასისთვის განსაკუთრებული სტატუსის მიცემას ითვალისწინებს, პარლამენტმა დღეს წინასწარი მოსმენით მიიღო.